თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა

ერთ–ერთი უმშვენიერესი ხეობა ხეობათა შორის! ♥ თრუსოს ხეობა საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან მდებარეობს. ის გარშემორტყმულია თოვლიანი ჭიუხებით. მოიპოვება მინერალური მჟავე წყლები. სოფლების განლაგება ძირითადად ხეობის მარცხენა მხარესაა. სოფლის სახელებია: მნა, ნოგყაუ, ოქროყანა, თეთრისი(კეტრისი), აბანო, ზაქათგორი, დესი, სუატისი, კარატყაუ, ბურმასიკი, ცოცოლთა, გიმარა, ტეფი, რესი. თითქმის ყველა სოფელში შემორჩენილია ციხე - კოშკები. 

თრუსოს ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, უღელტეხილ თრუსოდან სოფ. კობამდე მდებარეობს. ხეობის უდაბლესი ნაწილი 2000 მ-ზეა (სოფ. კობთან). თრუსოს ხეობა აგებულია ქვედა და შუათურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით, ზედაიურული კარბონატული წყებებით. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი სუათისი, მნა, რესი და სხვა). კარგადაა გამოხატული ძველი გამყინვარების ტროგები, ცირკები, მორენები; ვულკანური კონუსები და ლავური ღვარები. თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. ხეობაში თითქმის არ არის ხემცენარეულობა. შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით. სოფელ კობამდე მისვლა საქართველოს სამხედრო გზით შეიძლება, იქიდან ხეობაში შედის გრუნტის გზა, რომელზეც გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი მანქანით არის შესაძლებელი. თრუსოს ხეობის სოფლები თითქმის მთლიანად არის დაცლილი. ხეობის პირველ სამ სოფელში ამჟამად ერთადერთი ადამიანი - სიმა ბიდიხოვა ცხოვრობს. მას მხოლოდ ეკლესია ეხმარება. *** (ოსურად "Tirsy-kom") თრუსოს ხეობა (მდ. თერგის სათავეები, ისტორიული „ხევის“ (ახლ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასავლეთი ნაწილი). ოსურ-ქართული შერეული მოსახლეობით. ამჯამად ოსური მოსახლეობის მცირედი ნაწილია დარჩენილი, ქართველებთან (მოხევეებთან) ერთად, ხოლო დანარჩენი ჩასულია ვლადიკავკაზში - საზღვრის დროებითი ჩაკეტვისა და ეკონომიკური პრობლემების გამო. თრუსოს ხეობა ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა საქართველოში ლამაზი მთებითა და მინერალური წყლებით. ხეობიც ცენტრში მთავარანგელოზის მთაზე აღმართულია მთავარალგელოზის (ოსურად: "Taranjeloz") სახელობის ბაზილიკური ტიპის ეკლესია. თრუსოს დასავლეთით მდებარე უკიდურესი სოფელია რეს(ი), ხოლო აღმოსავლეთით - ნოგ-ყაუ (ქართულად ეს ახალსოფელს ნიშნავს). ზოგიერთი ცნობით, თრუსოს ხეობას ეკუთვნის ასევე მის აღმოსავლეთით მდებარე სოფლები - ალმასიანი, კობი და უხათი, რომლებიც დანარჩენ თრუსოს ხეობის სოფლებთან ერთად ქმნიან კობის თემს (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). თრუსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბაიდარას ხეობა (სოფლები ალმასიანი და კობი) და შესაბამისად - ე.წ. „საქართველოს სამხედრო გზა“, სამხრეთიდან მაღრან-დვალეთი (ოსურად "Urs-Tualgom") და ღუდის ხეობა (გუდაურის თემი), დასავლეთით დვალეთი (ოსურად "Tualgom"), იგივე ნარა-მამისონის ქვაბული, კერძოდ - ზახას ხეობა, ხოლო ჩრდილოეთით ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა - ალანია.