ლაშქრობა, როგორც დასვენების საუკეთესო საშუალება და მისი დადებითი ზეგავლენა ადამიანზე

ჩვენ არსებობას გარს აკრავს ხელოვნური გარემო, რომელიც ბეტონის, ფოლადის, პლასტიკისა და მინისგან შედგება. გვიწევს ხმაურში და ტოქსინებით სავსე ქალაქში ცხოვრება, უსიცოცხლო საკვების მიღება, მუდმივი გამოსხივების ქვეშ ყოფნა, ეს ყველაფერი კი იწვევს გამუდმებულ სტრესსა და დაძაბულობას. სწორედ ამიტომ აუცილებელია ცოტახნით მაინც მოვშორდეთ ამ საშინელ რეალობას და ავივსოთ ჰარმონიით. ამისათვის კი, რა თქმა უნდა, ბუნებაში დროის გატარებაა საჭირო. ლაშქრობა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ განიტვირთო, გაერთო, ფიზიკურად და მენტალურად გაჯანსაღდე. მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ ლაშქრობა დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე და მას აქვს პოზიტიური ზეგავლენა, როგორც ბავშვებზე, ისე მოზრდილებზე.

ბუნებაში სალაშქროდ გასვლა პირდაპირ აისახება თქვენს ფიზიკურ სიჯანსაღეზე. სუფთა ჰაერზე, ჟანგბადით სავსე გარემოში ყოფნა აჯანსაღებს თქვენს სხეულს და ის ნაკლები დატვირთვით ფუნქციონირებს. რეგულირდება სისხლის წნევა და ძლიერდება იმუნური სისტემა. როდესაც ახალ-ახალი ადგილების სანახავად ზურგჩანთით მოკიდებული გადაადგილდებით, სეირნობთ ტყეში ან იპყრობთ მთებს, თქვენ განიცდით ფიზიკურ დატვირთვას და წვავთ უამრავ კალორიას. თქვენი კუნთები აქტიურდება და ეჩვევა მოძრაობას. თუ თქვენ მთელი კვირა სამსახურში ჯდომა გიწევთ და ფიზიკურად ნაკლებად აქტიური ბრძანდებით მაშინ, დამერწმუნეთ ბუნებაში ლაშქრობა სწორედ ისაა, რაც აუცილებლად გჭირდებათ.

აქტიური მოლაშქრეები ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, მენტალური სიჯანსაღითაც გამოირჩევიან. რადგან ლაშქრობაში წასვლა, პირდაპირაა დაკავშირებული სტრესის კლებასა და თქვენი ხასიათის გაუმჯობესებასთან. თქვენ საშუალება გეძლევათ გაექცეთ ყოველდღიურ, დამღლელ რუტინას, სტრესულ სამუშაოს და უბრალოდ ჯანსაღ გარემოში განიტვირთოთ. ეს კი პირდაპირ აისახება თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. სიმშვიდე, ბუნებაში ხეტიალი, სილამაზით ტკბობა, თქვენს გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედებს. თქვენი ორგანიზმი ბედნიერების ჰორმონებით გავსებთ და უარყოფითი ენერგიისგან განთავისუფლებთ.

კიდევ ერთი დადებითი თვისება, რომელიც ლაშქრობაში წასვლას თან ახლავს -ადამიანებთან გახშირებული კომუნიკაცია და ურთიერთობაა. თქვენ შეგიძლიათ შაბათ-კვირას, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ახლო ადამიანებთან ერთად წახვიდეთ სალაშქროდ. ყოველდღიურ ცხოვრებაში დაკარგულები, სულ უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ საყვარელ ადამიანებს, ლაშქრობა კი არაჩვეულებრივი საშუალებაა მათთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებისა და დასვენებისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ ლაშქრობებში წასვლა განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს ბავშვებზე. ისინი შეიცნობენ ბუნებას და აკვირდებიან განსხვავებულ გარემოს, სწავლობენ სხვადსხვა საქმის დამოუკიდებლად კეთებას. ლაშქრობებში ასევე შეგიძლიათ უცხო ადამიანების გაცნობაც, ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ პროცესს. თქვენ შეგიძლიათ ამ ჰობით გატაცებული ადამიანების ჯგუფთან ერთად იაროთ, შეიძინოთ ახალი მეგობრები და იყოთ სოციალურად უფრო აქტიური.

არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების და აუცილებლად აქციეთ ლაშქრობა თქვენს ერთ-ერთ საყვარელ საქმიანობად. კარგად დაგეგმეთ თქვენი ლაშქრობა, შეიძინეთ ან იქირავეთ კარავი და საჭირო აღჭურვილობა. გახსოვდეთ, რომ ლაშქრობაში წასვლისას ძალიან ბევრი ნივთია საჭირო, რომლის გარეშეც ბუნებაში ხეტიალი სახიფათოა. ამიტომ წინასწარ ყველაფერი კარგად დაგეგმეთ. შეარჩიეთ სასურველი ადგილი, დაარწმუნეთ საყვარელი ადამიანები თქვენთან ერთად წამოსვლაში და მოიწყვეთ დაუვიწყარი დასვენება, რომელიც ნაკლებ ხარჯთან და ბევრ პოზიტიურ ემოციასთან არის დაკავშირებული.