ბეთანიის მონასტერი (XII-XIII სს)

ბეთანიის მონასტერი

 

 

კომპლექსში შემავალი ნაგებობები

მთავარი ტაძარი, მცირე ეკლესია, ბერების სენაკები.

 

მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია

ბეთანიის ტაძარში შემორჩენილია თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკა.

 

ადგილმდებარეობა

ბეთანიის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში, მდინარე ვერეს ხეობაში.

ისტორიული მიმოხილვა

ეთანიის მონასტერი უკვე არსებობდა XI საუკუნეში, რომელიც ორბელიანთა საგვარეულო საძვალეს წარმოადგენდა. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, სავარაუდოდ, XII საუკუნის დასასრულს – XIII საუკუნის დასაწყისში აიგო იმ ადგილას, სადაც X-XI საუკუნეების პატარა აგურის ეკლესია იდგა. 1196 წელს, იოანე ორბელიანის მეუღლემ რუსუდანმა, მთავარი ტაძრის გვერდით მცირე ზომის წმინდა გიორგის ეკლესია ააგო. XIII საუკუნედან, მონასტერი უკვე სამეფო კუთვნილებას წარმოადგენდა. სამწუხაროდ ისტორიული ცნობები ამ მონასტრის შესახებ ძალზედ მწირია, თუმცა შემორჩენილი ფრესკები, ჩუქურთმები და წარწერები იმას გვაუწყებენ, რომ ბეთანიის მონასტერი თავის დროზე არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. 1851 წელს გრიგოლ ორბელიანმა, ნადირობისას სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ეს მიტოვებული ადგილი, ხოლო მხატვარმა გ. გაგარინმა კი ჩამონგრეული ქვების გასუფთავების შედეგად, თამარ მეფის ფრესკაც გამოაჩინა, რაც გახდა საზოგადოების მხვრივ ამ ძეგლისადმი ინტერესის გამოჩენა. რუსმა მხატვარმა თავისი ხარჯებით, აღადგინა როგორც თამარ მეფის ფრესკა, აგრეთვე დანარჩენი სხვა ფრესკებიც, გააკეთა მათი ჩანახატები და გამოუშვა წიგნი.
იმავე საუკუნის მიწურულს გამოჩნდნენ ბერები, რომლებიც შეუდგნენ დანგრეული მონასტრის აღდგენას. თავდაპირველად მოვიდა მღვდელი-მონაზონი სპირიდონი, რომელიც მარტო ცხოვრობდა მონასტერში, შემდეგ მას შეურთდა თოთხმეტი წლის გლეხი ბიჭი ვასილ მაისურაძე, (შემდგომ უკვე არქიმანდრიტი იოანე). მონასტერი თანდათან გამოცოცხლდა, ხოლო რამდენადაც უცნაური და გასაკვირი არ უნდა იყოს, საბჭოთა რეჟიმის დროსაც კი არ შეუწყვეტიათ ბერებს აქ მოღვაწეობა. ამ პერიოდში მონასტერში მოღვაწეობდნენ მამა იოანე, მამა გიორგი და მამა ბასილი. ბეთანიის მონასტერი ერთადერთი ადგილი იყო სადაც აღესრულებოდა წირვები, ლოცვები, ჯვრისწერები, ნათლობები, ოფიციალურად კი ბეთანია კულტურულ ძეგლად იყო აღნიშნული, სადაც ბერები ვითომ და მისი დარაჯები იყვნენ, რომლებსაც შესაბამისად ხელფასსაც კი უხდიდნენ. ამ ბერების გარდაცვალების შემდეგ, (მამა გიორგი და იოანე წმინდანებად აკურთხეს) მონასტერი ცოტა ხნით დაცარიელდა, თუმცა 1978 წელს, უწმინდესმა და უნატარესმა ილია მეორემ, (ისევ და ისევ კომუნისტობის ჟამს) ხელისუფლებისგან გამოითხოვა ნებართვა რათა მონასტერი აღდგენილიყო და მართლაც სასწაული, ხელისუფლებისგან მიიღო თანხმობა. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ამ ადგილს არ შეუწყვეტია სულიერი ცხოვრება.

ლეგენდები თქმულებები და ზეპირისტყვიერი გადმოცემები

გადმოცემით, თავიდან მონასტრის აშენება მდინარის გადაღმა ერთ მაღალ მთაზე ჰქონდათ განზრახული, მაგრამ როდესაც სამშენებლო მასალები აზიდეს მთაზე, მეორე დღეს აღარ დახვედრიათ. დიდი ძებნის შემდეგ, მასალები მდინარე ვერეს ხეობაში ერთად დაწყობილი იპოვეს. ეს სასწაული ღვთის განგებას მიაწერეს და გადაწყვიტეს ზუსტად ამ ადგილას აეშენებინათ ტაძარი.

არის მოსაზრება, რომ ამ ადგილას ზაფხულობით, თამარ მეფე ჩამოდიოდა დასასვენებლად.

არქიტექტურული აღწერა

მთავარი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია. შესასველი ორი აქვს – სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედელში სამხრეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე. მთავარ მორთულობას წარმოადგენს მოჩუქურთმებული სარკმლები. ინტერიერში განათების მთავარ წყაროს გუმბათის ყელში განლაგებული თორმეტი სარკმელი წარმოადგენს. ამას ემატება ოთხივე მკლავში მოთავსებული სამ-სამი სარკმელი. განსაკუთრებით მორთული კი საკურთხევლის ფასადია. დასავლეთიდან ეკლესიას მიშენებული აქვს მცირე ტაძარი.
აღნიშნული ძეგლი თამარის პერიოდს განეკუთვნება. ამ დროის ძეგლებში (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი...) უკვე საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიების კანონიკური სახე: ტაძრის გეგმა დამოკლდა და კვადრატს მიუახლოვდა, ოთხი ცალკე მდგომი ბურჯის ნაცვლად დარჩა ორი, აღმოსავლეთის ბოძები საკურთხევლის კედლებთანაა შერწყმული. დასავლეთის მკლავში ბოძები აღარ არის, მას ორივე მხარეს მხოლოდ თითო თაღოვანი მალი აქვს. შეიცვალა პროპორციები: შენობის კორპუსი რამდენადმე დადაბლდა, ხოლო გუმბათის ყელი კიდევ მეტად დაგრძელდა. ასევე განსხვავებულია ფასადთა დამუშავება, დეკორაციული თაღები, რომლებიც მანამდე ფასადთა კომპოზიციის საფუძველს შეადგენდა, თანდათან ქრება. მთელი მხატვრული ეფექტი ემყარება გლუვი კედლების დაპირისპირებას სარკმელთა გარშემო თავმოყრილ ჩუქურთმათა ინტენსიურ “ლაქებთან”. ჩნდება ახალი, სპეციფიური მოტივი, მდიდრულად მოჩუქურთმებული საპირეებით მორთული შეწყვილებული სარკმლები, მათ შორის ჩასმული მოჩუქურთმებული ჯვრით (დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებზე). მორთულობის კულმინაციას შეადგენს უხვად შემკული გუმბათის ყელი.

ამდროინდელი ეკლესიები სიდიდით ბევრად ნაკლებია XI საუკუნის საეპისკოპოსო ტაძრებზე. უფრო ინტიმური, დეკორაციული, ზედმეტად რაფინირებულიც კია. 
ტაძარი მოხატულია. ბეთანიის მხატვრობა 1207 წლით თარიღდება. მნიშვნელოვანია რომ აქ არის თამარ მეფის რიგით მეორე პორტრეტი, ამჯერად მამასთან და შვილთან ერთად არის გამოსახული. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი იყო “ვედრება”, რომლისგანაც მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტებია შემორჩენილი. საკურთხევლის აფსიდის კედლებზე, კონქის ქვემოთ წინასწარმეტყველთა ფიგურებია მთელი ტანით გამოსახული გაშლილი გრაგნილებით ხელში, რომელზედაც ქართული წარწერებია, ცენტრში კი დავით წინასწარმეტყველია (მისი გამოსახვა ძველი გადმოცემითაა ნაკარნახევი, რომლის მიხედვით ქართველი ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად არიან მიჩნეულნი). 
სამხრეთ კედელზე არიან წინასწარმეტყველები: დანიელი, იერემია, სოფონია და მოსე, დანარჩენი ფიგურები ძლიერ დაზიანებულია. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია: ელია, მელქისედეკი და ესაია, სხვა ფიგურები არ შემორჩა. წინასწარმეტყველთა ქვემოთ მოციქულთა რიგია ორად გაყოფილი, სამხრეთით პირველი დგას პეტრე, ჩრდილოეთით-პავლე. პეტრეს უკან არის: იოანე ღვთისმეტყველი, ლუკა, სვიმონი, იაკობი და ფილიპე. პავლეს რიგში კი მხოლოდ მათე და მარკოზი შემორჩა სარკმლების შიდა მხარეს შემორჩენილია თეთრსამოსიან დიაკონთა ფიგურები: წმ. სტეფანე, წმ. პარმენი, წმ. ტიმონი და წმ. ფილიპე. აფსიდის ქვედა რიგში, სარკმლების ქვეშ კი მღვდელმთავართა ნახევარფიგურებია. მღვდელმთავართა რიგი გრძელდება სამხრეთ და ჩრდილოეთ კედელზეც.
გუმბათის მოხატულობა არ შემორჩენილა. ძირითადად მხატვრობა ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე შემორჩა. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩრდილოეთ კედელზე დიდი ადგილი ეჭირა მაცხოვრის “ვნებათა” ციკლს, სამხრეთ კედელზე ძველი აღთქმის თემები იყო გამოსახული, ხოლო დასავლეთ კედელი “განკითხვის დღის” კომპოზიციას ეპყრა.

მხატვრობა შემორჩენილია ასევე სამხრეთ და ჩრდილო ნავის კედლებზეც (მარიამ ეგვიპტელის ზიარება (სამხ) და სცენები ძველი აღთქმიდან). სარკმელთა ქვეშ სამი სცენაა ახალი აღთქმიდან (“ამაღლება”, “სულიწმინდის მოფენა”, ღვთისმშობლის მიძინება”). 
სამხრეთ კედელზე ასევე გამოსახულნი არიან ისტორიული პირები სუმბატ მანდატურთუხუცესი, ეკლესიით ხელში და მისი ძე ლიპარიტი. განსაკუთრებით საყურადღებო კი ჩრდილოეთ კედელია, სამხრეთის კარის პირდაპირ, სადაც გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარი და ლაშა არიან წარმოდგენილნი. ლაშა–გიორგის გამოსახულებას აქვს წარწერა –“გიორგი მეფეთ-მეფე და ძე თამარისი”.

ძეგლის დქვემდებარება და სტატუსი

ბეთანიის მონასტერი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და იგი მოქმედია