კაპადოკია

 

კაბადოკია მე-8 საოცრება 


რამდენიმე მილიონი წლის სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე უცნაური ფორმების, ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. წვიმის, ეროზიისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა მოგვიანებით მის შექმნაში ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა.

ტერიტორია გამორჩეულია ბუნებრივი წარმონაქმნების, ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით, კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში… კაპადოკია თავისი მასშტაბებით 10 000 დავით-გარეჯს, 1 000 ვარძიასა და უფრო მეტსაც შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ამიტომ პილიგრიმმა ამ ადგილის მონახულებისთვის მცირე დროც კი კარგად უნდა დაგეგმოს, რადგან კაპადოკიის საფუძვლიანად და სრულად დასათვალიერებლად 1 წელიც არ არის საკმარისი.

თბილისიდან ქალაქ გორემემდე, რომელიც კაპადოკიის ცენტრად ითვლება, საკმაოდ დიდი მანძილია. ამ დასახლებულ პუნქტში ყველაზე მეტი კლდეში ნაკვეთი ქალაქი, ეკლესია-მონასტერი, უზარმაზარი კომპლექსი და უნიკალური ბუნების ძეგლია. გორემედან 100 კმ-ის მოშორებით არის იჰლარას ხეობა. გურჯი ხათუნის ეკლესია ბევრი წყაროს მიხედვით დადასტურებულია, რომ აქ არსებული მონასტრის გამოკვეთა თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი – ხათუნად წოდებულ თამარ ბაგრატიონის (მოღვაწეობდა მე-13 ს-ში რუმის სასულთნოში) სახელსა და ქართულ ფესვებს უკავშირდება. წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, სავარაუდოდ, მიწისძვრისგანაა დაზიანებული, თუმცა კედლის მხატვრობა, მათ შორის – გურჯი-ხათუნის ფრესკაც კარგად იკითხება და საამაყოა, რომ თბილისიდან 1 300 კმ-ის მოშორებით კლდეში ნაკვეთი ეკლესია დღეს შედარებით კარგად არის წარმოდგენილი. ეს ადგილი ძალიან წააგავს ვარძიას. ამასთან, ამ ეკლესიაში ტურისტმა შეიძლება მთელი დღეც დაჰყოს განსხვავებით სხვა ძეგლებისგან, რადგან ზოგიერთ ტაძარში დღეში 20 000 დამთვალიერებელი გადაადგილდება და ტაძარში გაჩერებისათვის 5 წუთია გამოყოფილი, შესაბამისად, სანთლის დანთებაც კი შეუძლებელია. ამდენად, კაპადოკიაში მყოფი ადამიანი გორემედან იჰლარას ხეობის მიმართულებითაც უნდა გადაადგილდეს.

სოღანლის ხეობაში, ქაისერის პროვინციაში, რომელიც კაპადოკიის ცენტრს საკმაოდ მოშორებულია, გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, უნიკალური ფრესკებია შემორჩენილი და მათ მონახულებას აუცილებლად უნდა შევეცადოთ. თუ ვიზიტორი ამ მიმართულებით გადაადგილდება, გზად საინტერესო ძეგლებს ნახავს: მე-19 ს-ის ბერძნულ ტაძარს, ასევე, უზარმაზარ მიწისქვეშა ქალაქს. საგულისხმოა, რომ ამ რეგიონში 36-მდე მიწისქვეშა ქალაქია აღმოჩენილი. სოღანლის ხეობა ისინი რთულ სისტემას წარმოადგენენ და ადამიანის ნამოქმედარადაა მიჩნეული. მათ შექმნას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა. ეს ქალაქები ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე არსებობდა.

იჰლარას ხეობის გზაზე შევხვდებით დერინკოუს მიწისქვეშა კომპლექსს. ის 60 მ-მდე სიღრმეში მდებარეობს. აქ 7 სართულით დაბლა ეკლესიაა ჯვრის ფორმის გამოსახულებით გამოკვეთილი. ამ ტერიტორიაზე სოღანლის ხეობის გავლის შემთხვევაშიც მოვხვდებით.

მნიშვნელოვანია, რომ გორემეს ხეობაში, გორემეს ღია მუზეუმში გახლავთ ყველაზე მთავარი, გამორჩეული ძეგლები: ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვ. ისინი ერთმანეთის მიყოლებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენენ. ამ რეგიონში მოგზაურობისას პილიგრიმს განსაკუთრებული ემოცია ტოკალის ეკლესიის ხილვისას უჩნდება. ტაძრის შესასვლელში დამთავლიერებლის ყურადღებას ღვთისმშობლის შედარებით დაზიანებული ფრესკა იქცევს, რომელიც 1994 წელს “შენ ხარ ვენახის” ხატის სახელით დაიწერა და დღეს უკვე ცნობილი საგალობელი და ხატწერის ნიმუშია. ის სწორედ ტოკალის ეკლესიას უკავშირდება.

საინტერესო დეტალია, რომ მე-11-12 სს.-ში შესრულებული ფრესკის შემორჩენილი ფრაგმენტები მცირედი განსხვავებით მე-12 საუკუნის საქართველოს კონტურებს, საზღვრებს ემთხვევა. ამის თქმის საფუძველს ჩვენ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული გეოგრაფიული შედარებები წარმოადგენს. ზოგადად, ტოკალის ეკლესია ერთ-ერთი განუმეორებელი ძეგლია კაპადოკიის რეგიონში. ეს დასახლება იუნესკოს დაცულ ძეგლად და ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული. აქ, ასევე, თვალშისაცემია ბუნებრივი პირამიდები, ქვის სოკოები, სვეტები… გიორემეში 3-4 დღის განმავლობაში ადამიანმა შეიძლება ნახოს ის ძირითადი ძეგლები, რაც კაპადოკიაზე, გარკვეულწილად, ზოგად წარმოდგენას შეუქმნის”.