ბოლნისის სიონი

კომპლქსში შემავალი ნაგებობები 

ეკლესია, სამრეკლო, გალავანი.

მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია  


ბოლნისის ტაძრის ფასადებმა შემოგვინახა საქართელოში არსებული უძველესი ქართული წარწერები.

ადგილმდებარეობა

ბოლნისის სიონის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 8 კმ-ში, სოფელ ბოლნისში.

ისტორიული მიმოხილვა 


ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართველოში. განეკუთვნება V საუკუნეს. VIII საუკუნეში ტაძარზე აღმოსავლეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენეს. დროთა განმავლობაში დაინგრა ჩრდილოეთის თაღებიანი სტოა-გალერეა. 1634 წელს სპარსელების შემოსევის შედეგად ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დაზიანება ძირითადად შეეხო კამარებსა და დასავლეთის კედელს, რომელიც XVII საუკუნეში როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. ამ დროს იქნა გაჭრილი დასავლეთის კარიც. ამავე საუკუნის ბოლოს გიორგი XI-ის ბრძანებით ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლოც აღმართა. ამის შესახებ გვამცნობს სამრეკლოზე განთავსებული წარწერა. ეს შეკეთებები უმთავრესად აგურით იყო შესრულებული. 
ტაძრის აშენების ზუსტი თარიღის დადგენა მოხერხდა მის ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერის მეშვეობით. წარწერა გვამცნობს: ”შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად განეშორა”. დღეს წარწერიანი ფილა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული (ადგილზე კი ასლია ჩასმული). 
ბოლო სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ტაძარს 1970-1971 წლებში ჩაუტარდა.

ლეგენდები თქმულებები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები


არ მოგვეპოვება;

არქიტექტურული აღწერა


ბოლნისის სიონი ქართულ ქრისტიანულ საკულტო ნაგებობათა შორის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სამნავიანი ბაზილიკააშვერილი ნახევრაწრიული აფსიდით, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით (მთელს სიგრძეზე), მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს. ნაგებია მომწვანო ფერის კარგად თლილი კვადრებით. დასავლეთი კედლის სამშენებლო მასალაში ჭარბობს აგური, რაც გვიანი ხანის რესტავრაციის შედეგია. Nნავები გაყოფილია ჯვარისებრი გეგმის მქონე ბოძების ხუთი წყვილით. სამივე ნავი გადახურულია საერთო ორკალთიანი სახურავით. თუმცა შუა ნავი სხვებზე მაღალი და განიერია, გარედან იგი არ გამოიყოფა. შუა ნავი სრული კამარით ხოლო გვერდითა ნავები ნახევარკამარებით იყო გადახურული. ტაძარში შესასვლელი იყო არა დასავლეთიდან (დღევანდელი კარი XVII საუკუნეშია გაჭრილი), არამედ სამხრეთიდან ერთი, ორი კი ჩრდილოეთიდან. გვაქვს სადიაკვნე და სამკვეთლო-მღვდელთმსახურებისთვის საჭირო დამატებითი სადგომები საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით (ჩნდება VI საუკუნიდან). ცალკეა გამოყოფილი სანათლავი (რაც მოგვიანებით აღარ გვხდება; მხოლოდ ერთ შემთხვევაში). შესასვლელების თავზე ღია ლუნეტებია, თაღებსა და კამარებს ნალისებრი მოხაზულობა აქვთ (გავრცელებული იყო მხოლოდ VII საუკუნემდე).

ბოლნისის სიონში პირველად ვხვდებით სკულპტურული და ორნამენტული სამკაულის გამოეყენებას. ბარელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკულია ჩრდილოეთის გალერეა, ნავის პილასტრების და ბაპტისტერიუმის (სანათლავის) ცალკეული ბაზისები და სვეტისთავები. ინტერიერში არის გვიანი მახტვრობის ფრაგმენტები.


ძეგლის დაქვემდებარება და სტატუსი


ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.